პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ოლიგარქის ცნების ქვეშ ბიძინა ივანიშვილი არ ხვდება

ოლიგარქის ცნების ქვეშ ბიძინა ივანიშვილი არ ხვდება, რა თქმა უნდა, თანხა არის ერთი კრიტერიუმი, მაგრამ პოლიტიკაზე და მედიაზე გავლენა არის მეორე და მესამე კრიტერიუმები, რასაც ეს ადამიანი არ აკმაყოფილებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ევროკავშირის 12 პირობის შესასრულებლად გეგმა წარადგინა.  „ქართულმა ოცნებამ" ევროკავშირის 12 პირობის შესასრულებლად გეგმა წარადგინა „ოლიგარქის ცნება ეფუძნება ობიექტურ კრიტერიუმებს, რომ ადამიანს უნდა ჰქონდეს რაღაცაზე მეტი თანხა, მეორე და მესამე პუნქტებია პოლიტიკაზე და მედიაზე გავლენა, რაც არაფრით დასტურდება. პირიქით, ტელევიზიები ამტკიცებდნენ, რომ ბიძინა ივანიშვილი ჩვენს ყურმილს არ იღებდა და არ გველაპარაკებოდა, რაზეც ვიყავით ნაწყენები. თქვენვე ამტკიცებდით, რომ ივანიშვილი არ ერეოდა პოლიტიკაში, რასაც აკეთებდით თვეების განმავლობაში, არჩევნების წინ. გამომდინარე აქედან, ოლიგარქის ცნების ქვეშ ბიძინა ივანიშვილი ივანიშვილი არ ხვდება“, - აღნიშნა კობახიძემ. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი, დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ამასთან, ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. ასევე წაიკითხეთ: „ქართულმა ოცნებამ" ევროკავშირის 12 პირობის შესასრულებლად გეგმა წარადგინა  

კელი დეგნანი: ძალადობა მიუღებელია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბოლო პერიოდში ვხედავთ თავდასხმებს მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ

ამერიკის ელჩმა დიპლომატიური წარმომადგენლობის ტერიტორიაზე მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებულ შეკითხვას უპასუხა და განაცხადა, რომ საელჩო სწავლობს არსებულ ცნობებს. ელჩმა აღნიშნა, რომ იმედგაცრუებას იწვევს ის ფაქტი, რომ ამ ინციდენტმა გადაფარა ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი არაჩვეულებრივი ღონისძიება“. „ჩვენ ვსწავლობთ ამ ინფორმაციას. ჩვენთვის უცნობია, დაიწყო თუ არა რაიმე კონკრეტული სამართლებრივი პროცესი, თუმცა ვიტყვი იმას, რომ ძალადობა მიუღებელია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბოლო პერიოდში ვხედავთ თავდასხმებს მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ. ჩვენ ასევე შეშფოთებულები ვართ ცნობებით, რომ ძალადობას აქვს ადგილი რეგიონებში სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლების მიმართ. გუშინ, მართლაც არაჩვეულებრივი და პოზიტიური ღონისძიება გვქონდა. შევკრიბეთ ბევრი ქართველი. ჩვენ გვინდოდა, ხაზი გაგვესვა კიდევ ერთხელ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, როდესაც ქართველები ერთიანდებიან ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის და ცოტა იმედგაცრუებულნი დავრჩით, რომ ამ ინციდენტმა გადაფარა ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მართლაც არაჩვეულებრივი ღონისძიება“, - განაცხადა ამერიკის ელჩმა ტელეკომპანია „ფორმულასთან“.   ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში „ქართული ოცნების" დეპუტატებსა და „ტვ პირველის" დამფუძნებელს შორის მომხდარ ინციდენტს 30 ივნისს გამოეხმაურა. „აშშ-ის საელჩოსთვის ცნობილია ინფორმაცია ჩვენი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებისას საელჩოს ტერიტორიაზე დაპირისპირების შესახებ. ჩვენ ვსწავლობთ ამ ინფორმაციას", - აცხადებს საელჩო. „ტვ პირველის“ დამფუძნებლის, ვატო წერეთლის განცხადებით, აშშ-ის საელჩოს ეზოში მიმდინარე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებაზე, „ქართული ოცნების“ დეპუტატები მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც წერეთელი აცხადებს, მას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ხელი დაარტყა. ვატო წერეთელი აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს მიმართავს და კადრების გასაჯაროებისკენ მოუწოდებს. ანრი ოხანაშვილი, კი, აცხადებს, რომ, ვატო წერეთელმა მას პროვოკაცია მოუწყო. 

„ქართულმა ოცნებამ" ევროკავშირის 12 პირობის შესასრულებლად გეგმა წარადგინა

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის მიერ საქართველოს წინაშე დაყენებული 12 პირობის შესასრულებლად გეგმა წარმოადგინა. „ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში ბრიფინგი პოლიტიკური საბჭოს შეკრების შემდეგ გაიმართა. „ქართული ოცნება" პოლიტიკური პოლარიზაციის შესამცირებლად, მორატორიუმის ინიციატივით გამოვიდა. სთავაზობს. კობახიძე აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტის ბაზაზე შეიქმნება პოლარიზაციის მონიტორინგის ჯგუფი. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდი უზრუნველყოფს ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულებას სათანადო დროში და სათანადო ხარისხით შემდეგი გეგმის შესაბამისად. უფრო კონკრეტულად, რაზე საუბრობს მმართველი ძალა, გთავაზობთ ჩამონათვალს. პუნქტი 1. პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირება დათქმების პირველი პუნქტი უნდა განვიხილოთ როგორც ერთგვარი საფუძველი დანარჩენი 11 პუნქტის ეფექტიანად შესასრულებლად. პოლიტიკური პოლარიზაცია არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა, რომლის პირობებში პოლიტიკური დისკუსია, ნაცვლად სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი საკითხებისა, საზოგადოებისთვის მეორეხარისხოვან თემებზეა გადატანილი, რომლებსაც სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტისთვის ვიწროპოლიტიკური დატვირთვა აქვს. ამ მოცემულობის შესაცვლელად, უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია შემცირდეს რადიკალური დაპირისპირება პოლიტიკურ ძალებს შორის და გამოცხადდეს ერთგვარი მორატორიუმი აგრესიულ რიტორიკაზე. რა თქმა უნდა, ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ საკუთარ პასუხისმგებლობას ამ თვალსაზრისით. ანალოგიურად, ოპოზიციამ მომდევნო 6 თვის განმავლობაში თავი უნდა შეიკავოს იმგვარი რიტორიკისგან, რომელიც ხელისუფლების საშინაო და საგარეო ლეგიტიმაციის არაღიარებას გულისხმობს. იგივე ეხება მედიასაც, რომელიც ეუთო-ოდირის დასკვნის თანახმად, საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაციის ერთ-ერთი უმთავრესი წყაროა, აგრეთვე არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი მაპოლარიზებელ კამპანიაში უშუალოდ არის ჩართული. დეპოლარიზაციის ხელშესაწყობად, საქართველოს პარლამენტის ბაზაზე შეიქმნება პოლარიზაციის მონიტორინგის ჯგუფი ყველა საპარლამენტო პარტიის, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით, რომელიც განახორციელებს პერმანენტულ მონიტორინგს და საზოგადოებას წარუდგენს ყოველკვირეულ ანგარიშს პოლარიზაციის თვალსაზრისით ქვეყანაში არსებული მდგომარეობისა და ტენდენციების შესახებ. მონიტორინგის ანგარიშში აისახება რეკომენდაციები პოლიტიკური პარტიების, მედიასაშუალებების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკურ პროცესებში ჩართული სხვა სუბიექტების მიმართ. მონიტორინგის ჯგუფის შემადგენლობა და მუშაობის ფორმატი დაზუსტდება საპარლამენტო პოლიტიკურ პარტიებთან და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან კონსულტაციის საფუძველზე. დეპოლარიზაციის კუთხით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება საერთაშორისო პარტნიორების პოზიციას და მათ სამართლიან და ჯანსაღ დამოკიდებულებას მაპოლარიზებელი ქმედებების მიმართ. პირველი პუნქტის შესრულების კოორდინაციას უზრუნველყოფს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. პუნქტი 2. სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიანი ფუნქციონირება, საპარლამენტო ზედამხედველობა, საარჩევნო კანონმდებლობა საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტთან შეიქმნება სამუშაო ჯგუფი ყველა საპარლამენტო პარტიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობით, რომელიც უზრუნველყოფს საპარლამენტო ზედამხედველობის სფეროში პარლამენტის რეგლამენტის აღსრულების ყოვლისმომცველ შეფასებას და მოამზადებს საკანონმდებლო ინიციატივას გამოვლენილი ხარვეზების გამოსასწორებლად. შესაბამისი კანონპროექტი საქართველოს პარლამენტს ინიციატივის წესით წარედგინება არა უგვიანეს 21 სექტემბრისა და მიიღება არა უგვიანეს პირველი ნოემბრისა. საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან შეიქმნება საარჩევნო კოდექსის რევიზიის სამუშაო ჯგუფი, რომელშიც წარმოდგენილი იქნებიან პარლამენტარები ყველა საპარლამენტო პოლიტიკური პარტიიდან, აგრეთვე ცენტრალური საარჩევნო კომისიის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. მომზადდება ცვლილებები საქართველოს საარჩევნო კოდექსში, რომელშიც სათანადოდ იქნება ასახული ეუთო-ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციები. შესაბამისი კანონპროექტი საქართველოს პარლამენტს ინიციატივის წესით წარედგინება არა უგვიანეს 21 სექტემბრისა და პარლამენტის მიერ მიიღება არა უგვიანეს 13 დეკემბრისა. მეორე მოსმენით მიღებამდე, კანონპროექტი დასკვნისთვის გაეგზავნება ვენეციის კომისიასა და ეუთო-ოდირს. პუნქტი 3. სასამართლო რეფორმა, გენერალური პროკურორის არჩევის წესის ცვლილება და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევა როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან უკვე შექმნილია სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი, რომელშიც ყველა საპარლამენტო პოლიტიკური პარტიაა წარმოდგენილი. აღნიშნული სამუშაო ჯგუფი უახლოეს დღეებში აქტიურად განაახლებს მუშაობას და სასამართლო სისტემაში არსებული მდგომარეობის სიღრმისეული ანალიზის საფუძველზე, მოამზადებს როგორც სასამართლო რეფორმის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას, ისე შესაბამისი კანონპროექტების პაკეტს. სასამართლო რეფორმის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა მომზადდება და გამოქვეყნდება 1 ოქტომბრამდე, რის საფუძველზეც საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდება და საქართველოს პარლამენტს ინიციატივის წესით წარედგინება 1 ნოემბრამდე. კანონპროექტი ინიცირებისთანავე დასკვნისთვის გაეგზავნება ვენეციის კომისიასა და ეუთო-ოდირს. პარლამენტში კანონპროექტის განხილვა დაიწყება ვენეციის კომისიიდან და ეუთო-ოდირიდან დასკვნების მიღებისთანავე. კონსტიტუციური კანონის პროექტი გენერალური პროკურორის არჩევის წესის შესახებ საქართველოს პარლამენტში დაინიცირდება 1 სექტემბრამდე, ხოლო პარლამენტის მიერ მიიღება არა უგვიანეს 29 ნოემბრისა. კონსტიტუციური კანონის მიღებას კოორდინაციას გაუწევს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრთა შესარჩევ კონკურსს საქართველოს პარლამენტი გამოაცხადებს არა უგვიანეს 30 სექტემბრისა, ხოლო კენჭისყრა საბჭოს წევრთა ასარჩევად ჩატარდება არა უგვიანეს 15 ნოემბრისა. შეგახსენებთ, რომ საბჭოს წევრთა ასარჩევად საჭიროა 90 პარლამენტის წევრის ხმა. აქედან გამომდინარე, ევროკავშირის დათქმის შესაბამისად მათი არჩევის უზრუნველყოფა როგორც მმართველი გუნდის, ისე ოპოზიციის პასუხისმგებლობაა. პუნქტი 4. ანტიკორუფციული ღონისძიებები საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც მოამზადებს ანტიკორუფციული ფუნქციების კონსოლიდაციის კონცეფციას და წინადადებებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა სამსახურის შემდგომი ინსტიტუციური გაძლიერების უზრუნველსაყოფად. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში იქნებიან პარლამენტის წევრები ყველა საპარლამენტო პარტიიდან, აგრეთვე მთავრობის ადმინისტრაციის, პროკურატურის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. შესაბამისი კანონპროექტები პარლამენტს ინიციატივის წესით წარედგინება არა უგვიანეს 19 ოქტომბრისა, ხოლო პარლამენტის მიერ მიიღება 1 დეკემბრამდე. პუნქტი 5. დეოლიგარქიზაცია საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში იქნებიან ყველა საპარლამენტო პარტიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. სამუშაო ჯგუფი იმუშავებს დეოლიგარქიის კანონპროექტზე, რომელიც საქართველოს პარლამენტს ინიციატივის წესით წარედგინება არა უგვიანეს 5 ოქტომბრისა და პარლამენტის მიერ მიიღება არა უგვიანეს 29 ნოემბრისა. პუნქტი 6. ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა და სამართალდამცავი ორგანოების ზედამხედველობა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტთან შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში შევლენ პარლამენტის წევრები ყველა საპარლამენტო პარტიიდან, აგრეთვე პროკურატურის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. სამუშაო ჯგუფი 1 ნოემბრამდე მოამზადებს არსებული მდგომარეობის სიღრმისეულ შეფასებას და შეიმუშავებს წინადადებებს ხარვეზების გამოსწორებისა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის შემდგომი გაძლიერების თაობაზე. პუნქტი 7-8. სათანადო მედიაგარემოს უზრუნველყოფა, ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ეფექტიანი გამოძიება და მოწყვლადი ჯგუფების წინააღმდეგ ჩადენილ ძალადობაზე ეფექტიანი რეაგირება პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, საქართველოს პროკურატურასთან და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით, უზრუნველყოფს ინფორმაციის საჯაროობას ყველა შესაბამისი საქმის გამოძიების შესახებ. პუნქტი 9. გენდერული თანასწორობა და ქალთა მიმართ ძალადობა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის და გენდერული თანასწორობის საბჭო წარმართავენ აქტიურ სამუშაო პროცესს, რათა მომზადდეს საკანონმდებლო წინადადებები გენდერული თანასწორობის ხელშესაწყობად და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კიდევ უფრო ეფექტიანი ბრძოლის უზრუნველსაყოფად. შესაბამისი კანონპროექტების პაკეტი პარლამენტს ინიციატივის წესით წარედგინება არა უგვიანეს 5 ოქტომბრისა, ხოლო პარლამენტის მიერ მიიღება არა უგვიანეს 15 ნოემბრისა. პუნქტი 10. გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კოორდინაციას გაუწევს ევროკავშირის პირობების შესრულებასთან დაკავშირებულ ყველა პროცესში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ეფექტიან ჩართულობას. გარდა ამისა, უზრუნველყოფილი იქნება ჩართულობის ეფექტიანი მექანიზმების შენარჩუნება ევროკავშირის პირობებზე მუშაობის დასრულების შემდეგაც. პუნქტი 11. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების პროაქტიული გათვალისწინება ქართული სასამართლოს მიერ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის აღსრულების პროცედურების გათვალისწინებით, შესაბამის კანონპროექტს მოამზადებს და პარლამენტს ინიციატივის წესით წარუდგენს 1 სექტემბრამდე. კანონპროექტს პარლამენტი განიხილავს და მიიღებს არა უგვიანეს 18 ოქტომბრისა. პუნქტი 12. სახალხო დამცველის არჩევა საპარლამენტო უმრავლესობა საპარლამენტო ოპოზიციას 1 სექტემბრამდე შესთავაზებს სახალხო დამცველის კანდიდატურების შერჩევის ინკლუზიურ პროცედურას, რომელმაც უნდა უზრუნველყოს სახალხო დამცველის პოზიციაზე იმგვარი პირის წარდგენა, რომელიც იქნება თანაბრად მისაღები უმრავლესობისა და ოპოზიციისთვის და შესაბამისად, მაღალი ლეგიტიმაციით იქნება არჩეული. კენჭისყრა სახალხო დამცველის ასარჩევად შედგება არა უგვიანეს პირველი დეკემბრისა. შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველის არჩევა საჭიროებს სულ მცირე 90 პარლამენტის წევრის მხარდაჭერას. აქედან გამომდინარე, ევროკავშირის დათქმის შესაბამისად მისი არჩევის უზრუნველყოფა თანაბრად არის როგორც მმართველი გუნდის, ისე ოპოზიციის პასუხისმგებლობა. დღეს ამ საკითხთან დაკავშირებით შეიკრიბა  პარტიის პოლიტიკური საბჭო და ეს არის პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილება, რომელიც გაგაცანით. როგორ ნახეთ არის წარმოდგენილი დეტალური გეგმა პასუხისმგებელი სუბიექტებით და კონკრეტული ვადებით, რომლის მიხედვითაც შესრულდება თორმეტივე პუნქტი , რომელიც არის წარმოდგენილი ევროკომისიის მიერ“. შეგახსენებთ, 20 და 24 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე ხალხმრავალი აქციები ჩატარდა და ანალოგიური შეკრება სამი ივლისისთვისაც დაიგეგმა. მანამდე, სახალხო მოძრაობამ, „შინ ევროპისკენ" მთავრობას ორი მოთხოვნა წაუყენა - პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა და ეროვნული თანხმობის მთავრობის ჩამოყალიბება. 23 ივნისს, ევროკავშირისი საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი, დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ევროკომისიამ საქართველოს 12 მთავარი რეკომენდაციით მიმართა. დეტალურად

თეა წულუკიანი: მმართველი გუნდის წევრებს შეურაცხყოფის ატანა მუდმივად უწევთ

"მმართველი გუნდის წევრებს მუდმივად უწევთ შეურაცხყოფის ატანა", -  ასე გამოეხმაურა თეა წულუკიანი აშშ-ის საელჩოში დეპუტატ ანრი ოხანაშვილსა და "TV პირველის" დირექტორ ვატო წერეთელს შორის მომხდარ ინციდენტს ჟურნალისტებთან კომენტარში. "ეს ინციდენტი კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ჩვენ, მმართველი გუნდის წარმომადგენლები, ვართ მუდმივი თავდასხმის, შეურაცხყოფის ქვეშ. აქამდე ეს იყო ვერბალური, ახლა უკვე გადაზრდილი ფიზიკურ თავდასხმასა და შეურაცხყოფაში. მოთმინებით ვართ 10 წელია დაკავებული და არის ხანდახან, ადამიანი ხარ, ვერ მოითმინო. თუმცა, უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად სახელმწიფო დონეზე, ინდივიდუალურ დონეზე, იმიტომ რომ ისინი, ვინაიდან არიან ჩიხში მომწყვდეულები, ყველაფერზე წავლენ", - თქვა თეა წულუკიანმა. ცნობისთვის, "TV პირველის" დირექტორი ვატო წერეთელი ამბობს, რომ გუშინ, 30 ივნისს, აშშ-ის საელჩოს ეზოში, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებაზე, „ქართული ოცნების“ დეპუტატები ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც წერეთელი აცხადებს, მას ხელი დაარტყა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.  

კობახიძე აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარ დაპირისპირებაზე: მანდატების დატოვება აბსურდია

ქართული ოცნების თავმჯდომარე აცხადებს, რომ ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, უმრავლესობის დეპუტატების მხრიდან მანდატების შესაძლო დატოვება აბსურდია. „რაც შეეხება მანდატების დატოვებას, აბსურდია. იყო უმძიმესი პროვოკაცია და ამაზე კანონისა და ეთიკის ფარგლებში მიიღო პროვოკატორმა პასუხი. შესაბამისად, ჩემი პოზიციაც ნათელია. მეც იგივეს გავაკეთებდი რა თქმა უნდა“, - განაცხადა კობახიძემ მმართველი პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე. მისივე თქმით, მომხდარს სჭირდება რა თქმა უნდა, სათანადო რეაგირება. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში „ქართული ოცნების" დეპუტატებსა და „ტვ პირველის" დამფუძნებელს შორის მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა. „აშშ-ის საელჩოსთვის ცნობილია ინფორმაცია ჩვენი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებისას საელჩოს ტერიტორიაზე დაპირისპირების შესახებ. ჩვენ ვსწავლობთ ამ ინფორმაციას", - აცხადებს საელჩო. „ტვ პირველის“ დამფუძნებლის, ვატო წერეთლის განცხადებით, აშშ-ის საელჩოს ეზოში მიმდინარე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებაზე, „ქართული ოცნების“ დეპუტატები მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც წერეთელი აცხადებს, მას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ხელი დაარტყა. ვატო წერეთელი აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს მიმართავს და კადრების გასაჯაროებისკენ მოუწოდებს. ანრი ოხანაშვილი, კი, აცხადებს, რომ, ვატო წერეთელმა მას პროვოკაცია მოუწყო. 

ირაკლი კობახიძე: დეპოლარიზაცია არ არის მარტივი საკითხი, სერიოზული სირთულეები არსებობს

"როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიცია თანაბრად უნდა იყოს დაინტერესებული დეპოლარიზაციით. პოლარიზაციის მიმართულებით დღეს სერიოზული სირთულეები არის", - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა. „დეპოლარიზაცია არ არის მარტივი საკითხი, მითუმეტეს, რომ მხოლოდ ერთ მხარეზე არ არის დამოკიდებული ამ პუნქტის შესრულება. ეს საჭიროებს ორივე მხარის ჯანსაღ მიდგომას ამ საკითხის მიმართ. ამ ეტაპზე, ვხედავთ, რომ სერიოზული სირთულეები არის ამ კუთხით. იმედი გვაქვს, რომ ეს სირთულეები დაიძლევა, თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს არ არის მხოლოდ ჩვენი პრეროგატივა. ორივე მხარე თანაბრად უნდა იყოს დაინტერსებული დეპოლარიზაციით იმისთვის, რომ ეს პუნქტი სრულფასოვნად შესრულდეს. ჩვენ ჩვენი მხრივ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საზოგადოებაში ნაკლები პოლარიზაცია იყოს, საზოგადოებაში არც არის პოლარიზაციის მაღალი ხარისხი, პოლიტიკურ სპექტრში უნდა იყოს ნაკლები პოლარიზაცია, ამისთვის ჩვენი მხრიდან ყველაფერი გაკეთდება, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა“,- განაცხადა კობახიძემ. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი, დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ამასთან, ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.  

ხატია დეკანოიძე: ვაპირებ, ვუჩივლო ხელისუფლებას პარლამენტის წევრზე ღია თვალთვალისთვის

ვაპირებ ვუჩივლო ხელისუფლებას პარლამენტის წევრზე ღია თვალთვალისთვის,- ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ რეგიონებში ოპოზიციონერ დეპუტატებსა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებზე თავდასხმის შესახებ ინფორმაციის კომენტორებისას ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, ის, რასაც ამ დღეების განმავლობაში საზოგადოება რეგიონებში ხედავს, არის ხელისუფლების მიერ ორგანიზებული ძალადობა. "ეს არის სისუსტე ხელისუფლების მხრიდან, ეს არის ძალადობის ორგანიზება ხელისუფლების მხრიდან, ღია თვალთვალი და ვაპირებ ვუჩივლო ამ ხელისუფლებას პარლამენტის წევრზე ღია თვალთვალისთვის. ეს აღარ იყო უკვე ფარული თვალთვალი, ეს იყო თავხედური, უტიფარი, ღია დევნა პარლამენტის წევრის მიმართ. ეს იყო ძალადობის კამპანია, რომელსაც ხედავს "ქართული ოცნება" როგორც ერთადერთ გამოსავალს. ჩვენ გვინდა მშვიდობა, ევროპა, კანდიდატის სტატუსი, ხოლო "ქართულ ოცნებას" რაც უნდა, ეს არის ძალადობა და საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება,"- განაცხადა დეკანოიძემ.  

თეა წულუკიანი: ბაჩო ახალაიას საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, „ნაციონალური მოძრაობის“ მორიგი მარცხია

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, ბაჩო ახალაიას საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, „ნაციონალური მოძრაობის“ მორიგი მარცხია. „ახალაიას საქმეზე გამოსული სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება „ნაციონალური მოძრაობის“ მორიგი მარცხია. მორიგი მტკიცებულება, რომ ისინი საერთაშორისო სამართლებრივ დონეზე ვერასოდეს დაამტკიცებენ, რაც არ არის სიმართლე. კერძოდ, იმას, თითქოს პოლიტიკური ნიშნით დევნილი არიან და  არასდროს არაფერი ჩაუდენიათ.  ეს ვერდიქტი ამ შემთხვევაში, მორიგჯერ ადასტურებს, როგორც ეს იყო ვანო მერაბიშვილის და სხვების შემთხვევაში, რომ ჩვენ წლების განმავლობაში გვმართავდა კრიმინალური რეჟიმი. ამ კრიმინალური რეჟიმის წარმომადგენლებმა, ზოგიერთმა მოიხადა სასჯელი, ზოგი კვლავ იხდის სასჯელს და რასაკვირველია, სასჯელის მოხდა არის ელემენტარული რამ, რაც შეიძლება, ამ ადამიანებმა საკუთარი ქვეყნის წინაშე გააკეთონ. ქვეყნის წინაშე, რომელსაც ძალიან ბევრი რამ დაუშავეს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა. ცნობისთვის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფირმაციით, სტრასბურგის სასამართლომ ბაჩო ახალაიას საჩივრები დაუშვებლად გამოაცხადა.  

ლევან დავითაშვილი გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების მინისტრს შეხვდა

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების მინისტრს სვენია შულცეს შეხვდა, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. უწყების ინფორმაციით, შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და ირაკლი ნადარეიშვილი. შეხვედრაზე ხაზი გაესვა გერმანიის მხარდაჭერის მნიშვნელობას საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, მათ შორის, ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმების განხორციელების მიმართულებით. ასევე განხილულ იქნა საქართველოსა და გერმანიას შორის ეკონომიკური ურთიერთობები, ხაზი გაესვა თანამშრომლობას პრიორიტეტულ სფეროებში როგორიცაა ვაჭრობა, ენერგეტიკა, მდგრადი განვითარება, ტრანსპორტი, ლოგისტიკა, სოფლის მეურნეობა და სხვ. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა გერმანიის მხარდაჭერილ პროგრამაზე საჯარო შენობებში ენერგოეფექტიანობის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში ათობით საჯარო სკოლის რეაბილიტაციას ენერგოეფექტიანობის გასაზრდელად. პროგრამის მთავარი მიზანია სკოლების შენობების მდგრადი და სრული რეაბილიტაცია მათი ენერგოეფექტიანობის გაუმჯობესების და მომხმარებელთა კმაყოფილების გაზრდის მიზნით. აღინიშნა, რომ საჯარო შენობების განახლების ასეთი ღონისძიებები გამოიწვევს ენერგიის მოხმარების ოპტიმიზაციას და ნახშირორჟანგის გამოყოფის შემცირებას. გარდა ამისა, მსგავსი ღონისძიებების შედეგად გახანგრძლივდება შენობის ექსპლუატაციის ვადა, გაუმჯობესდება ჯანმრთელობის, უსაფრთხოების და კომფორტის დონეს. შეხვედრაზე ასევე განიხილეს მიმდინარე პროექტები, რომლებიც გერმანიის მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკის სფეროს მდგრადობის გაძლიერების მიზნით ხორციელდება. მათ შორის, განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარების და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მიმართულებით. ასევე გამახვილდა ყურადღება თანამშრომლობის გაძლიერებაზე საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის და ენერგოუსაფრთხოების ამაღლების მხრივ. საუბარი აგრეთვე წარიმართა საქართველოს ევროპულ პერსპექტივასა და გერმანიის მხარდაჭერაზე ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე. შეხვედრაზე გერმანიის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მხარდაჭერა ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით. აღინიშნა, რომ გერმანია მხარს უჭერს საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების გზაზე და დაეხმარება მას რეფორმების განხორციელების კუთხით.  

საგარეო უწყება: საფრანგეთში ელჩმა, თეა კატუკიამ ვერ უზრუნველყო მოვალეობების ჯეროვნად შესრულება და საქართველოს ინტერესების სათანადოდ დაცვა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის, თეა კატუკიას მიერ თანამდებობის დატოვებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ელჩმა თანამდებობა მასთან წინასწარი კონსულტაციის საფუძველზე დატოვა. სამინისტრო თეა კატუკიას მიერ გაკეთებულ განცხადებას ცილისმწამებლურს უწოდებს. მათივე ცნობით, საფრანგეთში ელჩმა, თეა კატუკიამ ვერ უზრუნველყო მოვალეობების ჯეროვნად შესრულება და საქართველოს ინტერესების სათანადოდ დაცვა. „გაკვირვებული ვართ ქ-ნი თეა კატუკიას მხრიდან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართ წაყენებული ცილისმწამებლური ბრალდებებით. ელჩმა თანამდებობა დატოვა მასთან წინასწარი კონსულტაციის საფუძველზე, რა დროსაც ქ-ნ თეა კატუკიას განემარტა, რომ უწყება არ იყო კმაყოფილი მისი საქმიანობით საფრანგეთში ელჩად ყოფნის პერიოდში. სამწუხაროდ, მან ვერ უზრუნველყო მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების ჯეროვნად შესრულება და ევროპის ამ უმნიშვნელოვანეს ქვეყანაში, საქართველოს ინტერესების სათანადოდ დაცვა. შესაბამისად, უწყებამ ქ-ნ თეასთან კონსულტაციის საფუძველზე მიზანშეწონილად ჩათვალა აღნიშნული პოზიციიდან მისი გამოწვევა. მოგეხსენებათ, საფრანგეთთან საქართველოს ურთიერთობები, მათ შორის ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის არსებული დღის წესრიგის გათვალისწინებით, გადავიდა უმნიშვნელოვანეს ეტაპზე, რაც მოითხოვს საელჩოში ხელმძღვანელ პოზიციაზე მაღალი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე დიპლომატის მივლინებას“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სმაინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ცნობისთვის, საფრანგეთში საქართველოს ელჩმათეა კატუკიამ თანამდებობა დღეს დატოვა და მიზეზად „საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან მუდმივ რეჟიმში განხორციელებულ ზეწოლა” დაასახელა. მისივე განცხადებით, ფუნქციის შესრულება შეურაცხყოფის, ცილისწამების, ზეწოლის, შევიწროებისა და მუქარის კონტექსტში უწევდა, რაც დიპლომატის შეფასებით, „სათავეს იღებს სისტემაში ღრმად დამკვიდრებული კლანური პრაქტიკიდან“. ასევე წაიკითხეთ: საფრანგეთში საქართველოს ელჩი თანამდებობის დატოვებაზე: დანიშვნის პირველივე დღიდან ხორციელდებოდა პოლიტიკური ზეწოლა  

ფოთში, მოქალაქეთა ჯგუფი გიგი უგულავასა და ლევან თარხნიშვილს დაუპირისპირდა

ფოთში, „შინ ევროპისკენ“ ფარგლებში მიმდინარე საინფორმაციო კამპანიის მონაწილეებს მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფი დაუპირისპირდა. მონაწილეებს შორის გიგი უგულავა და ლევან თარხნიშვილი იყვენენ. როგორც ცნობილია, ოპოზციის წარმომადგენლები ფოთის ბაზარში ბროშურებს არიგებდნენ, რა დროსაც მმართველი პარტიის მხარდამჭერები და მოქალაქეთა ნაწილი სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. „სრულიად სახე დაკარგეს და ამას განსაკუთრებით ნათლად ვხედავთ უკანასკნელი დღეებია. ფაქტი არის ერთი, მოსახლეობა მიხვდა, სად მიექაჩება ამ ქვეყანას ბიძინა ივანიშვილი. საცოდავად გამოიყურებიან, მოდიან და ყიყინებენ რაღაცებს“, – განაცხადა უგულავამ.  

საფრანგეთში საქართველოს ელჩი თანამდებობის დატოვებაზე: დანიშვნის პირველივე დღიდან ხორციელდებოდა პოლიტიკური ზეწოლა

საფრანგეთში საქართველოს ელჩი თეა კატუკია გადადგა. ამის შესახებ განცხადებას კატუკია Facebook-ის საკუთარ ავრცელებენ. გამოქვეყნებულ განცხადებაში კატუკია აღნიშნავს, რომ დანიშვნის პირველივე დღიდან მასზე პოლიტიკური ზეწოლა ხორციელდებოდა. საფრანგეთში საქართველოს ელჩმა, თეა კატუკიამ თანამდებობიდან გაწვევის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიმართა “ძვირფასო თანამემამულენო, ძვირფასო მეგობრებო,დღეს მე ვტოვებ საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის თანამდებობას. 1-ელ მაისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს წარვუდგინე გადადგომის თაობაზე ჩემი განცხადება, რომელიც ძალაში შევიდა დღეს 1-ელ ივლისს.მსურს, მადლობა გადავუხადო საქართველოს პრეზიდენტს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს იმ ნდობისთვის, რომელიც მან 2019 წელს გამომიცხადა ელჩის თანამდებობაზე ჩემი კანდიდატურის წარდგენით.ჩემთვის აღნიშნული თანამდებობა მხოლოდ და მხოლოდ დიდ პასუხისგებლობას უკავშირდებოდა. დაკისრებული მანდატის შესრულების განმავლობაში ჩემს მიზანს წარმოადგენდა საქართველოს ინტერესების მაქსიმალური დაცვა, პოლიტიკური მიკერძოების გარეშე, და საფრანგეთსა და ევროკავშირთან ჩვენი ქვეყნის დაახლოება.გადადგომის თაობაზე ჩემს გადაწყვეტილებას წინ უძღოდა საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან ელჩის თანამდებობაზე დანიშვნის პირველი დღიდან ჩემზე მუდმივ რეჟიმში განხორციელებული ზეწოლა.იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო 25 წელიწადი გავატარე საფრანგეთში და ვფლობ საფრანგეთის მოქალაქეობას, თანამდებობაზე დათანხმებისას არ მიფიქრია, რომ საქართველოს მთავრობისთვის მიუღებელი აღმოჩნდებოდა საზღვარგარეთ ჩემი განვლილი პროფესიული გზა და ჩემი პოლიტიკური მიუკერძოებლობა.პირველივე დღიდან გავხდი საელჩოში არაერთი სერიოზული დარღვევისა და სტრუქტურული გაუმართაობის მოწმე, რაც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს საფრანგეთში საქართველოს წარმომადგენლობის ინტერესებსა და იმიჯს. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ფუნქციის შესრულება მომიწევდა მუდმივი შეურაცხყოფის, ცილისწამების, ზეწოლის, შევიწროებისა და მუქარის კონტექსტში, რაც სათავეს იღებს სისტემაში ღრმად დამკვიდრებული კლანური და კლიენტისტური პრაქტიკიდან, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის იმ ღირებულებებთან, რომლებსაც ვიცავ და იმ მიზნებსა და მისწრაფებებთან, რაც საქართველოს მიმართ გამაჩნია.ღრმად მჯერა, ზემოთაღნიშნული ქმედებები, რომლებიც სამართლებრივი სახელმწიფოსთვის მიუღებელია, არ ასახავს ქართული საზოგადოების რეალობას. ჩვენი საზოგადოების მისწრაფებები ეფუძნება თავისუფლებისა და სამართლიანობის ღირებულებებს - იმ ფასეულებებს, რომლებიც საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის ფუნდამენტური და განუყოფელია, და რომლებიც გვაკისრებენ ერთიანობისა და პასუხისმგებლობის ვალდებულებას.აღნიშნულ მდგომარეობას ჩემთვის ხელი არ შეუშლია დაკისრებული მისიის შესრულებაში, რა თქმა უნდა, დიდი პირადი ძალისხმევის ფასად და COVID19-ის პანდემიის გამო საქმიანობის მნიშვნელოვნად შეზღუდვის პირობებში. ჩემი მანდატის მანილზე მტკიცედ ვაგრძელებდი საფრანგეთში გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან საქართველოს ევროპული მომავლის დაცვას. აღნიშნული მისია განსაკუთრებულ დატვირთვას ატარებდა და ატარებს იმის გათვალისწინებით, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა ისტორიის მნიშვნელოვან ეტაპზე იმყოფება.დღეს ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი და მისი დემოკრატიული განვითარება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მთავრობის პოლიტიკურ არჩევანზე არის დამოკიდებული. აღნიშნულ გადამწყვეტ კონტექსტში კი, მნიშვნელოვანი საკადრო და სტრუქტურული პრობლემები, რამდენადაც თავად გავხდი მოწმე და რომლის წინაშეც დგას საქართველოს დიპლომატიური სამსახური, ხელს უშლის ქვეყანას ეფექტური საგარეო პოლიტკის გატარებაში ჩვენს წინაშე არსებული გამოწვევების საპასუხოდ. თუკი დღეს ვტოვებ ელჩის ფუნქციას, ჩემი მზერა არ შორდება საქართველოს, ახალ პროფესიულ ეტაპზეც განვაგრძობ ქვეყნის პოლიტიკურ და დემოკრატიულ განვითარებაზე ზრუნვას და ძალისახმევას არ დავიშურებ, რათა ევროკავშირისკენ და ზოგადად, დემოკრატიული, პროგრესული და ტოლერანტული ღირებულებებისკენ საქართველოს სვლა გახდეს შეუქცევადი,” - ნათქვამია ყოფილი ელჩის განცხადებაში. თეა კაკუტია საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად და იუნესკოში მუდმივ წარმომადგენლად 2019 წელს დაინიშნა.  

კელი დეგნანი: რუსეთია, ვინც სცადა ქართული ენის განადგურება, რუსეთია, ვისაც საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, რუსეთია, ვინც თქვენი ეკლესიები წაბილწა

„რუსეთი იყო ის, ვინც ცდილობდა ქართული ენის განადგურებას, რუსეთი იყო ის, ვინც შეურაცხყო ეკლესიები, რომელსაც შემდგომ ცხოველთა სადგომებად იყენებდნენ“, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა.   „მინდა, გამოვეხმაურო მზაკვრულ ნარატივს, რომელიც როგორც ჩანს, გრძელდება და როგორც ჩანს, პირდაპირ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (FSB) დეზინფორმაციის სახელმძღვანელოდანაა. მინდა, მკაფიოდ განვაცხადო, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ ცდილობს საქართველოს ჩათრევას უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის ომში. აშშ-ს არ სურს, იხილოს ამ ომის გაფართოება არანაირი ფორმით. აშშ აკეთებს ყველაფერს, რათა ეს ომი რაც შეიძლება სწრაფად შეაჩეროს. კელი დეგნანი: ომში ჩათრევის შესახებ ნარატივი FSB-ს დეზინფორმაციის სახელმძღვანელოდანაა ეს იყო პუტინი, რომელმაც წამოიწყო ეს აგრესიული და ძალადობრივი ომი უკრაინის წინააღმდეგ და სწორედ პუტინს შეუძლია მისი შეჩერება. აშშ, ევროპა, საქართველოს მეგობრები, რომლებმაც უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გავაკეთეთ ყველაფერი, რათა დავხმარებოდით საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ამის გაკეთებას გავაგრძელებთ. ძალიან მნიშვნელოვანია, ქართველებს ახსოვდეთ, რომ რუსეთია, ვისაც თქვენი ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული. რუსეთია, ვინც სცადა თქვენი ენის განადგურება. რუსეთია, ვინც თქვენი ეკლესიები წაბილწა და გამოიყენა ისინი ცხოველთა სადგომებად. თუ არსებობს რაიმე კითხვები, თუ რას ნიშნავს რუსეთის მეგობრობა საქართველოსთვის, მაშინ უბრალოდ უნდა შეხედოთ ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლს და ნახავთ. თქვენი მეგობრები აშშ-სა და ევროპაში არიან. ეს არის გზა საქართველოს მშვიდობის, თავისუფლებისა და კეთილდღეობისთვის“, - აღნიშნა კელი დეგნანმა.

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაში მიიღებს მონაწილეობას

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე და დელეგაციის წევრი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაში მიიღებენ მონაწილეობას. სესიის ფარგლებში დებატები პოლიტიკის, უსაფრთხოების, ეკონომიკის, გარემოსდაცვის, მეცნიერების, ტექნოლოგიების, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების შესახებ გაიმართება. ასამბლეის წევრები, ასევე, უკრაინასა და მის გარშემო შექმნილ ვითარებაზე და ეუთოს სივრცეში არსებულ უსაფრთხოების სხვა გამოწვევებზე იმსჯელებენ. საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრები, პლენარულ და კომიტეტების სხდომებში მონაწილეობის პარალელურად, ორმხრივ შეხვედრებს გამართავენ. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესია მიმდინარე წლის 2-6 ივლისს ბირმინგემში, გაერთიანებულ სამეფოში გაიმართება.  

იენს სტოლტენბერგმა NATO-ს სამიტის ისტორიული გადაწყვეტილებები შეაჯამა

მადრიდის სამიტი ისტორიული გადაწყვეტილებით სრულდება NATO-მ შვედეთი და ფინეთი გასაწევრიანებლად მიიწვია, რუსეთი კი „ყველაზე მნიშვნელოვან და პირდაპირ საფრთხედ“ გამოაცხადა დამტკიცდა ახალი სტრატეგიული კონცეფცია, მიღებულია დეკლარაცია გაძლიერდა პარტნიორების, მათ შორის უკრაინისა და საქართველოს მხარდაჭერა პირველად, სტრატეგიული კონცეფცია ეხება ჩინეთის მიერ წამოჭრილ გამოწვევებს NATO-ს გენერალურმა მდივანმა სამიტის დასკვნით პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მადრიდში მიღებული გადაწყვეტილებებით, ალიანსი გააგრძელებს მშვიდობის შენარჩუნებას, კონფლიქტების თავიდან აცილებას, ხალხის და ღირებულებების დაცვას. „ევროპა და ჩრდილოეთ ამერიკა, ერთად დგანან“, - ასეთია ალიანსის გზავნილი. სტოლტენბერგმა ისტორიული სამიტის შედეგები და გადაწყვეტილებები შეაჯამა. მადრიდის სამიტის დეკლარაცია გამოქვეყნდა, რომელშიც ზოგიერთი პუნქტი საქართველოს ეთმობა „ჩვენ შევთანხმდით ფუნდამენტურ ცვლილებაზე შეკავებისა და თავდაცვის პოლიტიკაში. შევთანხმდით, რომ მოვიწვიოთ ფინეთი და შვედეთი ჩვენს ალიანსში გასაწევრიანებლად.შევთანხმდით უკრაინის გრძელვადიან მხარდაჭერაზე. იენს სტოლტენბერგი: ჩვენ გავაძლიერებთ საქართველოს მხარდაჭერას ახალი პაკეტით. ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების ერთგულნი ვრჩებით ასევე - NATO-ს ახალ სტრატეგიულ კონცეფციაზე. შევთანხმდით, რომ გავძლიერდეთ კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში, უნდა შეიქმნას ახალი ინოვაციების ფონდი. ჩვენ შევთანხმდით NATO-ში მეტ ინვესტირებაზე და NATO-ს ბიუჯეტის გაზრდაზე; ასევე შევთანხმდით იმაზე, რომ გავაღრმაოთ ჩვენი ურთიერთობა ალიანსის ზოგიერთ უახლოეს პარტნიორთან, განსაკუთრებით, ინდო-წყნარი ოკეანის ქვეყნებში. NATO-ს ახალი სტრატეგიული კონცეფცია ადასტურებს უკრაინის მიმართ ღია კარის პოლიტიკას ჩვენი ბოლო სესია მადრიდის სამიტზე ფოკუსირებული იყო ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკისა და საჰელის საფრთხეებსა და გამოწვევებზე. ამ რეგიონებში დაუცველობა პირდაპირ გავლენას ახდენს ყველა მოკავშირის უსაფრთხოებაზე. ჩვენი ახალი სტრატეგიული კონცეფცია ტერორიზმს ჩვენი უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთ მთავარ საფრთხედ მიიჩნევს. პირველად, ჩვენ ახლახან შევთანხმდით მავრიტანიისთვის თავდაცვის შესაძლებლობების განვითარების პაკეტზე. ჩვენ ასევე შევთანხმდით ტუნისისთვის დამატებითი შესაძლებლობების განვითარების მხარდაჭერაზე, ასევე, იორდანიის მხარდაჭერაზე. ჩვენ ასევე შევეხეთ გლობალურ სასურსათო კრიზისს, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის პირდაპირი შედეგია. მისი გავლენები მძიმეა. მათ შორის მსოფლიოს ზოგიერთ ყველაზე დაუცველ ადამიანზე. რა წერია საქართველოს შესახებ NATO-ს ახალ, სტრატეგიულ კონცეფციაში სურსათზე ფასები რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს. ბევრი ქვეყანა უკრაინაზეა დამოკიდებული ხორბლისა და სხვა საკვების მნიშვნელოვანი იმპორტისთვის. ასე რომ, მოკავშირეებმა განიხილეს თავიანთი ძალისხმევა კრიზისის შესამსუბუქებლად. ჩვენ ასევე განვიხილეთ, თუ როგორ აგრძელებენ რუსეთი და ჩინეთი პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო სარგებლის ძიებას ჩვენს სამხრეთ სამეზობლოში. მოსკოვიც და პეკინიც იყენებენ ეკონომიკურ ბერკეტს, იძულებას და ჰიბრიდულ მიდგომებს რეგიონში თავიანთი ინტერესების წინსვლისთვის. ამრიგად, დღეს ჩვენ განვიხილეთ, თუ როგორ უნდა მოგვარდეს ეს მზარდი გამოწვევა, მათ შორის NATO-ს პარტნიორების კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერით რეგიონში. ჩვენ ვაწყდებით უსაფრთხოების ყველაზე სერიოზულ გამოწვევას ბოლო ათწლეულების განმავლობაში, მაგრამ მას ვუპასუხებთ ერთიანობით და გადაწყვეტილებით. მადრიდში მიღებული გადაწყვეტილებები უზრუნველყოფს, რომ ჩვენი ალიანსი გააგრძელებს მშვიდობის შენარჩუნებას, კონფლიქტების თავიდან აცილებას და ჩვენი ხალხის და ჩვენი ღირებულებების დაცვას. ევროპა და ჩრდილოეთ ამერიკა, ერთად დგანან“, - განაცხადა სტოლტენბერგმა. ცნობისთვის, მოკავშირეთა ლიდერები შეთანხმდნენ ფუნდამენტურ ცვლილებაზე NATO-ს შეკავებისა და თავდაცვის პოლიტიკაში, გაძლიერებული თავდაცვითი და საბრძოლო ჯგუფები ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში და მაღალი მზადყოფნის ძალების რაოდენობის გაზრდა 300 000-მდე - ეს არის გადაწყვეტილებები, რომლებიც ალიანსის ისტორიულ სამიტზე მიიღეს. მოკავშირეები შეთანხმდნენ უკრაინის გრძელვადიან მხარდაჭერაზე, გაძლიერებული ყოვლისმომცველი დახმარების პაკეტის დამტკიცებით.  ლიდერებმა მხარი დაუჭირეს NATO-ს ახალ სტრატეგიულ კონცეფციას, ალიანსის გეგმას უფრო საშიშ და კონკურენტულ სამყაროში. ის ასახავს NATO-ს მიდგომას რუსეთისა და სხვა საფრთხეების მიმართ, მათ შორის ტერორიზმის, კიბერ და ჰიბრიდული გამოწვევების მიმართ. პირველად, სტრატეგიული კონცეფცია ეხება ჩინეთის მიერ წამოჭრილ გამოწვევებს. ლიდერები ასევე შეთანხმდნენ კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის მიზნით შემდგომ ნაბიჯებზე, მათ შორის სათბურის გაზების ემისიების შემცირებასა და 2050 წლისთვის ნულოვან ნუშნულამდე დაყვანაზე. 

კელი დეგნანი: ომში ჩათრევის შესახებ ნარატივი FSB-ს დეზინფორმაციის სახელმძღვანელოდანაა

„როდესაც ვსაუბრობთ თავდაცვაზე, მინდა, გამოვეხმაურო მზაკვრულ ნარატივს, რომელიც როგორც ჩანს, გრძელდება და როგორც ჩანს, პირდაპირ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (FSB) დეზინფორმაციის სახელმძღვანელოდანაა. მინდა, მკაფიოდ განვაცხადო, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ ცდილობს საქართველოს ჩათრევას უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის ომში. აშშ-ის არ სურს, იხილოს ამ ომის გაფართოება არანაირი ფორმით. აშშ აკეთებს ყველაფერს, რათა ეს ომი რაც შეიძლება სწრაფად შეაჩეროს. ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა. ელჩმა თავდაპირველად, NATO-ს მადრიდის სამიტთან დაკავშირებულ შეკითხვას უპასუხა. „საქართველო NATO-ს ძლიერი პარტნიორია. ეს გამოჩნდა იმ მაღალი დონის დელეგაციითაც, რომელიც საქართველოდან მადრიდის სამიტს დაესწრო. ამ სამიტზე გამოჩნდა ისიც, რამდენად ძლიერია ალიანსის ერთობა რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული სასტიკი ომის წინაშე. ეს იყო დადასტურება NATO-ს მიზნებისა, რომელიც თავდაცვითი ალიანსია და ემსახურება მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას ევროპაში და მის მიღმა. ბევრი რეფორმა პასუხობს იმ მოთხოვნებს, რაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისთვისაა მოთხოვნილი. ამ რეფორმების შესრულება წაადგება NATO-ში ინტეგრაციის პროცესსაც, რადგან იგივე პოლიტიკური, დემოკრატიული რეფორმებია მოთხოვნილი. უნდა გვახსოვდეს, რომ NATO არის პოლიტიკური სამხედრო ალიანსი, რაც ნიშნავს, რომ მას აქვს, როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკური სტანდარტები. აშშ და მისი მოკავშირეებს მზად არიან, დაეხმარონ საქართველოს იმ პროგრესის მიღწევაში, რაც წევრობისთვის დაეხმარება. კელი დეგნანი: ის რომ, თითქოს, აშშ-ს სურს საქართველოს ომში ჩათრევა და მეორე ფრონტის ხაზის გახსნა, 100%-ით რუსული დეზინფორმაციაა როდესაც ვსაუბრობთ თავდაცვაზე, მინდა, გამოვეხმაურო მზაკვრულ ნარატივს, რომელიც როგორც ჩანს, გრძელდება და როგორც ჩანს, პირდაპირ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (FSB) დეზინფორმაციის სახელმძღვანელოდანაა. მინდა, მკაფიოდ განვაცხადო, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ ცდილობს საქართველოს ჩათრევას უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის ომში. აშშ-ს არ სურს, იხილოს ამ ომის გაფართოება არანაირი ფორმით. აშშ აკეთებს ყველაფერს, რათა ეს ომი რაც შეიძლება სწრაფად შეაჩეროს. ეს იყო პუტინი, რომელმაც წამოიწყო ეს აგრესიული და ძალადობრივი ომი უკრაინის წინააღმდეგ და სწორედ პუტინს შეუძლია მისი შეჩერება. აშშ, ევროპა, საქართველოს მეგობრები, რომლებმაც უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გავაკეთეთ ყველაფერი, რათა დავხმარებოდით საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ამის გაკეთებას გავაგრძელებთ. ძალიან მნიშვნელოვანია, ქართველებს ახსოვდეთ, რომ რუსეთს  საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული. რუსეთია ის, ვინც სცადა თქვენი ენის განადგურება, რუსეთია, ვინც შეურაცხყო თქვენი ეკლესიები და გამოიყენა ისინი ცხოველების სადგომებად. თუ არსებობს რაიმე კითხვები, თუ რას ნიშნავს რუსეთის მეგობრობა საქართველოსთვის, მაშინ უბრალოდ უნდა შეხედოთ ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლს და ნახავთ. თქვენი მეგობრები აშშ-სა და ევროპაში არიან. ეს არის გზა საქართველოს მშვიდობის, თავისუფლებისა და კეთილდღეობისთვის“, - აღნიშნა კელი დეგნანმა. კელი დეგნანი: რუსეთი იყო ის, ვინც ცდილობდა ქართული ენის განადგურებას, რუსეთი იყო ის, ვინც შეურაცხყო ეკლესიები „მე ეფესბეს სახელმძღვანელო წაკითხული არ მაქვს. არ ვიცი, ვის რა აქვს წაკითხული", - განუცხადა თავის მხრივ, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს, რომლებმაც კელი დეგნანის კომენტარის შეფასება სთხოვეს.

იენს სტოლტენბერგი: თუ გააკეთებენ ისეთ რამეს, რაც რუსეთმა გააკეთა საქართველოში და ახლა აკეთებს უკრაინაში, ეს გამოიწვევს მთელი ალიანსის პასუხს

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა სამიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ NATO-ს მთავარი პასუხისმგებლობა: დარწმუნდეს, რომ მოწინააღმდეგე მხარის გონებასა და აღქმებში არ იყოს რაიმე გაუგებრობები, რომ თუ ისინი გააკეთებენ ისეთ რამეს, როგორიც რუსეთმა გააკეთა საქართველოში 2008 წელს ან ახლა აკეთებს უკრაინაში, ეს გამოიწვევს უსწრაფეს პასუხს მთელი ალიანსისგან.  დისკუსიებიდან გამომდინარე, გაქვთ თუ არა განცდა, რომ არსებობს კონსენსუსი და ერთიანობა იმის შესახებ, თუ რა არის წითელი ხაზები, რომლებიც რუსეთმა არ უნდა გადაკვეთოს პირდაპირი კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად? - ამ შეკითხვით მიმართა სტოლტენბერგს ჟურნალისტმა. იენს სტოლტენბერგმა NATO-ს სამიტის ისტორიული გადაწყვეტილებები შეაჯამა „ჩვენ უფრო საშიშ სამყაროში ვცხოვრობთ. ჩვენ ვცხოვრობთ უფრო არაპროგნოზირებად სამყაროში - მსოფლიოში, სადაც რეალურად მიმდინარეობს ომი ევროპაში, ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციებით, რომლებიც ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ გვინახავს.ვხედავთ უკრაინელი ხალხის ტანჯვას. ჩვენ ამას ყოველდღე ვხედავთ და პატივს მივაგებთ მათ მამაცობას, ვაჟკაცობას. ჩვენ ასევე გადავეცით ეს მესიჯი პრეზიდენტ ზელენსკის სამიტზე გამოსვლისას. ამავე დროს, ჩვენ ასევე ვიცით, რომ ეს ვითარება შეიძლება, გაუარესდეს. თუ ეს გადაიზრდება სრულმასშტაბიანი ომში რუსეთსა და NATO-ს შორის, მაშინ ჩვენ ვიხილავთ ტანჯვას, ზარალს, სიკვდილს, ნგრევას იმ მასშტაბით, რაც გაცილებით უარესია, ვიდრე დღეს უკრაინაში ვხედავთ ამას. ამიტომ NATO-ს ორი ამოცანა ფუნდამენტური ამოცანა აქვს. ერთი არის უკრაინის მხარდაჭერა. NATO და NATO-ს მოკავშირეები უპრეცედენტო მხარდაჭერას უწევენ უკრაინას. ჩვენ ვაძლიერებთ უკრაინის მხარდაჭერას და ამ სამიტზე შევთანხმდით პაკეტზე. მაგრამ ჩვენ ასევე გვაქვს ძირითადი პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, თავიდან ავიცილოთ ესკალაცია უკრაინის ფარგლებს გარეთ. ეს არის მიზეზი იმისა, რომ NATO არ არის ადგილზე ამ კონფლიქტის ნაწილი. ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენს უაღრესად ფასეულ პარტნიორს, უკრაინას, მაგრამ ჩვენ არ ვართ კონფლიქტის ნაწილი. რატომ გავზარდეთ ასე მნიშვნელოვნად ჩვენი ყოფნა ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში - 40000-ზე მეტი ჯარისკაცით NATO-ს უშუალო მეთაურობით  - რათა მოვხსნათ ნებისმიერი ვარაუდი არასწორი გათვლებისთვის, NATO დაიცავს მისი ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს. ეს არის NATO-ს მთავარი პასუხისმგებლობა: დარწმუნდეს, რომ მოწინააღმდეგე მხარის გონებასა და აღქმებში არ იყოს რაიმე გაუგებრობები, რომ თუ ისინი გააკეთებენ ისეთ რამეს, როგორიც რუსეთმა გააკეთა საქართველოში 2008 წელს ან ახლა აკეთებს უკრაინაში, ეს გამოიწვევს უსწრაფეს პასუხს მთელი ალიანსისგან.  ეს არის მთავარი მესიჯი. ჩვენ ვიცავთ მშვიდობას NATO-ს მოკავშირეებისთვის, დაახლოებით ერთი მილიარდი ადამიანისათვის“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

საფრანგეთში საქართველოს ელჩმა, თეა კატუკიამ თანამდებობიდან გაწვევის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიმართა

საფრანგეთში საქართველოს ელჩმა, თეა კატუკიამ თანამდებობიდან გაწვევის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიმართა. როგორც Europetime-ს საქართველოს საგარეო უწყებაში განუცხადეს, მიმდინარეობს მუშაობა ახალი ელჩის წარდგენაზე. „გიდასტურებთ საფრანგეთიდან საქართველოს ელჩის გამოწვევის პროცედურის განხორციელებას. მან 18 მაისს ოფიციალურად მიმართა მინისტრს შესაბამისი განცხადებით. ეს გახლავთ დამკვიდრებული პრაქტიკა. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა, უახლოეს მომავალში, ელჩის ახალი კანდიდატურის წარდგენაზე“, - განუცხადეს Europetime-ს საგარეო უწყებაში. თეა კაკუტია საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად და იუნესკოში მუდმივ წარმომადგენლად 2019 წელს დაინიშნა.  

აშშ-ის საელჩო, „ტვ1“-ის დამფუძნებელსა და „ქართული ოცნების“ დეპუტატებს შორის, მის ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში „ქართული ოცნების" დეპუტატებსა და „ტვ პირველის" დამფუძნებელს შორის მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა. „აშშ-ის საელჩოსთვის ცნობილია ინფორმაცია ჩვენი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებისას საელჩოს ტერიტორიაზე დაპირისპირების შესახებ. ჩვენ ვსწავლობთ ამ ინფორმაციას", - აცხადებს საელჩო. „ტვ პირველის“ დამფუძნებლის, ვატო წერეთლის განცხადებით, აშშ-ის საელჩოს ეზოში მიმდინარე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებაზე, „ქართული ოცნების“ დეპუტატები მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც წერეთელი აცხადებს, მას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ხელი დაარტყა. ვატო წერეთელი აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს მიმართავს და კადრების გასაჯაროებისკენ მოუწოდებს. ანრი ოხანაშვილი, კი „რუსთავი2“-ისთვის მიცემულ კომენტარში აცხადებს, რომ, ვატო წერეთელმა მას პროვოკაცია მოუწყო.   

სუბარის, ყაველაშვილისა და ხუნდაძის განცხადებით, ზეწოლის მიუხედავად, ივანიშვილი საქართველოს ომისთვის არასოდეს გაიმეტებს

წარმოგვიდგენია, რამდენად მძიმე შეიძლება იყოს ბიძინა ივანიშვილზე ზეწოლა იმ ძალების მხრიდან, რომლებიც, ერთდროულად ევროპული სტრუქტურებისა და შვეიცარიული ბანკის კოორდინაციას ახერხებენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრების, სოზარ სუბარის, მიხეილ ყაველაშვილისა და დიმიტრი ხუნდაძის მორიგ ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.  პარლამენტარები სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე მეორე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე და მიხეილ ყაველაშვილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ მათივე თქმით, ზეწოლის მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ომისთვის არასოდეს გაიმეტებს. „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრები ამბობენ, რომ კანდიდატის სტატუსით ხდბა მთავრობაზე ზეწოლა, ხოლო, მეორე მხრივ, არაფორმალური სანქციით – ბიძინა ივანიშვილზე. „ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების გაოფიციალურებას ეს ძალები ევროპარლამენტის რეზოლუციით შეეცადნენ. თუმცა, საზოგადოების რეაქცია რომ დაინახეს, მიხვდნენ, რომ ოფიციალური სანქციები კონტრპროდუქტიული იქნებოდა და უკან დაიხიეს. სხვა შემთხვევაში, ვინც 308 ევროპარლამენტარის კოორდინაცია მოახერხა, იმას არც ევროკომისიის და ევროპული საბჭოს დოკუმენტებზე გავლენის მოხდენა არ გაუჭირდებოდა. ისმის მარტივი შეკითხვა – რა უნდათ ბიძინა ივანიშვილისგან? ეს კაცი პოლიტიკაში არ ერევა და რომც ერეოდეს, ვერავინ ამბობს, თეორიულად, ამით რას შეიძლება აფუჭებდეს. ივანიშვილი რომ არაფერს აფუჭებს, სინამდვილეში, ეს მათაც ძალიან კარგად იციან. რჩება ერთადერთი ლოგიკური ინტერესი ორი ვარიაციით, რაც ამ ძალებს ივანიშვილის მიმართ შეიძლება ამოძრავებდეს: ან უნდათ, რომ ის მისი ნების წინააღმდეგ დააბრუნონ პოლიტიკაში, რათა რუსეთისთვის  სანქციები დააწესებინონ და საქართველო მეორე ფრონტად აქციონ, ან უნდათ, მას ამგვარი მითითებები გუნდის ლიდერებისთვის მიაცემინონ. ყველამ იცის, რომ მთელი გუნდი და მისი ლიდერები ბიძინა ივანიშვილს განსაკუთრებულ პატივს სცემენ. ივანიშვილი არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელია, არამედ გამორჩეული ქველმოქმედიცაა და გარდა ამისა, მან 2012 წელს ქვეყნის ინტერესებისთვის თავი გადადო და სახელმწიფოს მართვის სადავეებს დანაშაულებრივი რეჟიმი ჩამოაცილა. სწორედ ამიტომ, ის ინარჩუნებს განსაკუთრებულ მხარდაჭერას და პატივისცემას როგორც საზოგადოების, ისე გუნდის მხრიდან. შესაბამისად, ცხადია, მას აქვს რესურსი, ნების შემთხვევაში, პოლიტიკაში დაბრუნდეს ან გუნდის გადაწყვეტილებებზე არსებითი გავლენა მოახდინოს. გარკვეული ძალები ხედავენ, რომ ღარიბაშვილი, კობახიძე და მთელი გუნდი ჯიუტად იცავენ პოზიციებს და არც სანქციებს და არც ომს არ თანხმდებიან. ასეთ დროს, ივანიშვილია ერთადერთი, ვისაც მათი გადარწმუნება და პროცესების სხვა მიმართულებით წარმართვა შეუძლია. ინფორმაცია არ გვაქვს, თუმცა, თითქმის დარწმუნებული ვართ, რომ ამ ძალების წარმომადგენლებს მსგავსი საუბარი უშუალოდ ბიძინა ივანიშვილთანაც ექნებოდათ. ამ თემაზე მინიშნებები ივანიშვილის ადვოკატმაც გააკეთა, რომელმაც განაცხადა, რომ არაფორმალური სანქციების მიზეზის ახსნა ივანიშვილს შეუძლია და ამ თემაზე მას სამომავლოდ რაღაც აქვს სათქმელი. ჩვენც დაველოდებით ბიძინა ივანიშვილის განმარტებებს და მანამდე, ამ თემაზე დამატებით ინტერპრეტაციებს მოვერიდებით. როგორც ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა ორი დღის წინ აღნიშნა, არაოფიციალური სანქციები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ კვლავაც ძალაშია და მას საკუთარ თანხებზე წვდომას ბანკი დღემდე არ აძლევს. წარმოგვიდგენია, რამდენად მძიმე შეიძლება იყოს ბიძინა ივანიშვილზე ზეწოლა იმ ძალების მხრიდან, რომლებიც ერთდროულად ევროპული სტრუქტურებისა და შვეიცარიული ბანკის კოორდინაციას ახერხებენ. თუმცა, დარწმუნებული ვართ, ამხელა ზეწოლის მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ომისთვის არასოდეს გაიმეტებს“, – აღნიშნულია სოზარ სუბარის, მიხეილ ყაველაშვილისა და დიმიტრი ხუნდაძის ერთობლივ განცხადებაში. დიმიტრ ხუნდაძე: როცა არც ევროპარლამენტარებისგან ჩემი ქვეყნისათვის საზიანო სიცრუეა მისაღები და არც პრორუსული ჯგუფების „ბოგინი“, გავჩუმდე? სოზარ სუბარი: თუ სტატუსს არ მოგვცემენ, მაშინ შეიძლება ქართველმა ხალხმა დასვას კითხვა: რა ვქნათ, დსთ-ში შევიდეთ, რომ წევრობის კანდიდატის სტატუსი მივიღოთ როგორც ამას მოლდოვას ჰპირდებიან? სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე პარტია „ქართულ ოცნებას“ ტოვებენ